საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვანის მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტის გაცნობის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვანის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონი ლარი გამოიყო.
პრეზიდენტის თქმით, ეს არა მხოლოდ საქართველოს არამედ, მსოფლიოს ყველაზე დიდი მნიშვნელობის კულტურული ადგილია.
„როგორც საბერძნეთში არის დელფოსის ცენტრი, ისე ეს გორაკი არის ადგილი, რომლის ბადალი, მთელ მსოფლიოში არ არსებობს, ეს არის ის, რითაც საქართველომ უნდა იამაყოს. დღეს აქ იმისათვის მოვედი, რომ გამოვაცხადო, რომ ჩვენ აქ ვქმნით მსოფლიო მნიშვნელობის ახალ ცენტრს, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმს. თითქმის 10 მილიონი გამოვყავით იმისთვის, რომ ვანს ჰქონდეს თავისი ყველაზე მაგარი მუზეუმი და ყველაზე მაგარი ტურისტული ცენტრი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს გახსნის.
„ნახეთ, როგორ გავაკეთეთ პრომეთეს მღვიმე, როგორ გავაკეთეთ სათაფლია, როგორ ვაკეთებთ ახლა წყალტუბოს. როგორ გავაკეთეთ საირმე, როგორ კეთდება ქუთაისის ინფრასტრუქტურა, რამდენიმე დღეში მე ვხსნი ქუთაისის ახალ საერთაშორისო აეროპორტს, ეს თქვენი აეროპორტია. ახალი რკინიგზაც, აეროპორტიც, ავტობანიც და საერთოდ ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ხალხი დასაქმდეს და უფრო ბედნიერად იცხოვროს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.