„ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში განათლებაზე გამოყოფილი ხარჯები მინიმუმ ორჯერ უნდა გაიზარდოს და დღეს არსებული 600 მლნ. ლარიდან 1 მლრდ. 500 მლნ. ლარი უნდა გახდეს.
როგორც ნაჭყებიამ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა მძიმე ტვირთად აწვება ოჯახებს.
„მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს განცხადებით თითო სახელმძღვანელოს ფასი 10 ლარს არ აღემატება, რეალურად მოსახლეობა სულ სხვა სურათს აწყდება: სახელმძღვანელო, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოსწავლის სამუშაო რვეულსაც შეიცავს კომლექტში და სავალდებულოა მისი შეძენაც, ჯამში 13-15 ლარი ჯდება. თითო მოსწავლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების კომპლექტის შეძენა ოჯახს 130-150 ლარი უჯდება და ოჯახში 2-3 მოსწავლის ყოლის შემთხვევაში ისეთ თანხამდე ადის, რომ საშუალო ქართული ოჯახისთვის ხელმიუწვდომელია. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული შეღავათები მოსახლეობის მცირე კატეგორიას ეხება და საბოლოოდ მოსწავლეების დიდი ნაწილი წელსაც, ისევე, როგორც წინა წლებში სახელმძღვანელოს გარეშე რჩება“, - განაცხადა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, ვინაიდან 9 კლასის, ანუ საბაზო განათლების მიცემა ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, ხელისუფლებამ ამ საფეხურის ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოებით უფასოდ უნდა უზრუნველყოს.
„ასეთი მიდგომა და შეღავათები სასკოლო სახელმძღვანელოებზე სახელმწიფოს ხარჯზე არსებობს ძალიან ბევრ წარმატებულ სახელმწიფოში, სადაც ოჯახებს ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე საქართველოში. მთლიანობაში „ახალი მემარჯვენეები“ ვთვლით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას განათლება პრიორიტეტად გამოცხადებული აქვს მხოლოდ დეკლარირების დონეზე, რეალურად საქართველო განათლებაზე დახარჯული თანხებით მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საქართველოს ბიუჯეტში განათლებაზე გამოყოფილია 2,2 %, მაშინ როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი 5 %-ია", - განაცხადა ნაჭყებიამ.
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ დღევანდელ ეპოქაში, მთელს მსოფლიოში აქცენტი აღებულია ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე და აქედან გამომდინარე, საქართველო არ უნდა იყოს ჩამორჩენილი ქვეყანა და განათლებაზე ბევრად მეტი თანხა უნდა იხარჯებოდეს.
„ჩვენი საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს განათლებაზე გამოყოფილი ხარჯების გაორმაგებას, რაც ნიშნავს უფასო სახელმძღვანელოებს 9 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლისთვის, უმაღლესი განათლების სახელმწიფოს ხარჯზე მიღების შესაძლებლობას ბევრად მეტი სტუდენტისთვის, ვიდრე დღეს, მაღალანაზღაურებად და მოტივირებულ კვალიფიციურ პედაგოგს და განათლების ბევრად უფრო მაღალ ხარისხს ქვეყნაში", - განაცხადა ნაჭყებიამ.