1795 წლის 10 სექტემბერი... სოღანლუღთან ბრძოლაში დამარცხებული აღა მაჰმად ხანის ლაშქარი უკან გაბრუნებას აპირებდა, რომ მოღალატეებმა შეატყობინეს, რომ ერეკლეს მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. ირანის შაჰმა უკან შემობრუნება და სასურველი თბილსისი აღება გადაწყვიტა.
11 სექტემბერის დილა სისხლიანად დაიწყო თბილისისთვის... 5 ათასმა ქართველმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა 35 ათას ირანელს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ბრძოლა იყო საქართველოს ისტორიაში. სპარსელები ისე სწრაფად მოადგნენ თბილისს, რომ ერეკლემ ჯარის თავმოყრა ვერ მოასწრო. ქართველთა ჯარის უმეტესობას მოხალისეები შეადგენდნენ.
ერეკლეს ისედაც მცირერიცხოვან რაზმში საარაგვოდან ჩამოსული 300 არაგველი და ფშავ-ხევსური ერია. ბრძოლის წინ მათ ერთმანეთს შეჰფიცეს : “თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო". ეს ფიცი მათ პირნათლად შეარულეს. ვაჟკაცურად ეკვეთნენ მტერს, ცოცხალი კედელი აღმართეს თბილისის კართან. სიკვდილს გადარჩენილმა სამასიოდე ქართველმა მეფის გარშემო სალტე შეკრა და სეიდაბადიდან ბრძოლით უკან დახევა დაიწყო. სათაყვანო გმირსა და საძულველ მტერთ შორის გაურღვეველ კლდედ აღიმართნენ უკანასკნელნი არაგველნი. მათ “კვლავაც მრავალნი მოსწყვიდნეს სპანი”. ერეკლემ თავისი გუნდით მიაღწია ავლაბრის ხიდს და სწორედ იმ ჟამს , სამუდამოდ აღესრულა დილითდიდებული უწმინდესი ფიცი უკანასკნელნი არაგველნი მათგანვე დაჩეხილ მტრის გვამთა გროვაზე ესვენნენ, შორიდან ნატყორცნი გმურებით მკერდშელეწილნი. საშინლად შეძრული მეფე ძლივს გაიყვანეს ხიდზე და ძალით გაატარეს იმ გზით, საიდანაც მის დასახსნელად ყველაზე დიდი ქართველი გმირნი ჩამოსულიყვნენ- საარაგვოსაკენ.