საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ 45 წლის იუბილეთან დაკავშირებით გასტროლებს მართავს. საგასტროლო ტური საქართველოს რეგიონებში 5 კონცერტს მოიცავს. ის სტარტს 17 სექტემბერს ბოლნისში აიღებს. კონცერტები გაიმართება, ზუგდიდში 19 სექტემბერს, ოზურგეთში 20 სექტემბერს, 21 სექტემბერს ბათუმში, 27 სექტემბერს ველისციხეში და 29 სექტემბერს რუსთავში.
ანსამბლი „რუსთავი” 1968 წელს, ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად დააარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 4000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში.
ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. „რუსთავის“ ყოველ წევრს აქვს ძალზე დიდი შემოქმედებითი დატვირთვა. ქართული ხალხური სიმღერის სტრუქტურა განაპირობებს ანსამბლის წევრთა შემოქმედებით თანასწორუფლებიანობას, რაც თითოეული მომღერლისაგან მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, ოსტატობასა და საშემსრულებლო კულტურას.
როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილისა და მთავარი ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის ხედვაა ანსამბლმა შეინარჩუნოს ეთნოგრაფიული გუნდის ფორმა და სტრუქტურა, ამავე დროს გადალახოს კუთხური კარჩაკეტილობა.
ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი” დაჯილდოვებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.
ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო ტურნე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.