საარჩევნო ბლოკი „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“ 2 ოქტომბრიდან თემატური აქციებს ციკლს - „დაიცავი საკუთარი ხმა“ იწყებს. ამის შესახებ, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, არჩევნების მეორე დღიდან, ანუ 2 ოქტომბრის 15:00 საათიდან თბილისსა და ქუთაისში პარლამენტების წინ და ასევე პრეზიდენტის რეზიდენციასთან „ქართული დასი“ 23-დღიან თემატური აქციების ციკლს იწყებს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ „ქართული დასის“ წარმომადგენლები ქუთაისისა და თბილისის მერიაში განაცხადს შეიტანენ. ეს აქციები არჩევნების რეალური შედეგების გამოქვეყნებას, კონსტიტუციის დაცვასა, სტაბილურობის შენარჩუნებას და ასევე იმას ემსახურება, რომ საქართველოში ობიექტური არჩევნების შედეგები გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახეთ, რომ ობიექტური შედეგებია გამოქვეყნებული და არჩევნები გაყალბებული არ არის, შევიკრიბებით იმისთვის, რომ მთელმა ერმა 2 ოქტომბერს, 15:00 საათზე საქართველოს გამარჯვება ერთად აღვნიშნოთ“, - განაცხადა ბაღათურიამ.