საქართველოში აშშ-ს ახალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და საელჩოს თანამშრომლებმა დღეს შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
2001 წლის 11 სექტემბერს სულ 2976 ადამიანი დაიღუპა. აქედან 24 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.
2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.
შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ.
მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.
მესამე გატაცებული თვითმფრინავი – ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.
მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.
აშშ-ს საელჩოს ცნობით, დღეს ნორლანდმა ის ქართველი ჯარისკაცებიც გაიხსენა, რომლებმაც ავღანელი ხალხის თავისუფლებას შესწირეს თავი.