არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ მედიაკავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელზე განხორციელებული თავდასხმაში მონაწილე პირის დასჯას ითხოვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მედიაკავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებლს, მამუკა გობეჩიას საკუთარ სახლთან თავს დაესხა შსს-ს წარმომადგენელი გიორგი ყავლაშვილი და იგი ცივი იარაღით დაჭრა.
გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებებზე ზეწოლისა და ძალადობის ფაქტები გახშირდა, რისი მსხვერპლიც „მაესტროს“, „მე-9 არხის“, „ინფო 9-ის“ და რეგიონალური მედია-საშუალებების წარმომადგენლები არაერთხელ გახდნენ.
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ კატეგორიულად გმობს ხელისუფლების მხრიდან მასმედიის წინააღმდეგ მსგავსი მეთოდების გამოყენებას და მოითხოვს შეწყდეს ძალადობა მასმედიის წარმომადგენლებზე, ასევე, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული მამუკა გობეჩიას დაჭრის ფაქტი და დანაშაულში მონაწილე პირი დაისაჯოს.
ცნობისთვის, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გობეჩია 9 საქტემბერს გვიან ღამით საკუთარ სახლთან დაჭრეს.