„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ“ თსუ-ს უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება გააპროტესტა და თსუ-სთან აქცია გამართა.
„დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, აქციის მონაწილეები პროფესორ-მასწავლებელთა უკანონო განთავისუფლების შეწყვეტას მოითხოვენ.
„უმაღლესი სასწავლებლები პოლიტიზირებულია. მივმართავ ადგილობრივ სტუდენტთა თვითმმართველობას, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტით და დააფიქსირონ აზრი ამ მოვლენებზე. მოვუწოდებ ლექტორებსა და სტუდენტებს, რომ ერთად დავდგეთ და გავაპროტესტოთ და შესაძლოა, ჩვენ რაიმე შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა კობაიძემ.
მისივე თქმით, აქციები კვლავ გაგრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლების სამსახურში აღდგენა, ათასობით სტუდენტს გამოიყვანენ აქციაზე.