პოლიტოლოგი გია ნოდიას შეფასებით, წინასაარჩევნოდ საქართველოში მაღალი რანგის ვიზიტების გაგრძელება, იმის მომასწავებელია, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები დიდ ინტერესს იწვევს.
„როდესაც ასეთ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოში არჩევნებს, ეს ერთის მხრივ, ზოგადად, ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოხატვაა. მეორეს მხრივ, ალბათ, არის გარკვეული წუხილი იმის თაობაზე, რომ ხომ არ მოხდება არჩევნების შემდეგ რაიმე დესტაბილიზაცია. ამიტომ ისინი აქტიურად ხვდებიან, როგორც ოპოზიციას ისე ხელისუფლებას და ესაუბრებიან იმაზე, რომ არჩევნები საკმარისად დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს. ოპოზიციას კი, ეუბნებიან, რომ მისი შედეგები მიიღონ“, - განაცხადა ნოდიამ.
მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, დესტაბილიზაციის საფრთხე ოპოზიციური სპექტრიდან, კერძოდ კი, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან არსებობს.
„ასეთი საფრთხე კონკრეტულად, „ქართული ოცნების“ განცხადებებია, რომელიც სათუოდ ხდის იმას, არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, მიიღებენ თუ არა ისინი ამ შედეგებს, თუმცა ყველა გამოკითხვით მათ ძალიან მცირე შანსი აქვთ არ დამარცხდნენ, ამიტომ ეს გარკვეულ საფრთხეს იწვევს“, - განაცხადა ნოდიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს აშშ-ის სენატის სამკაციანი დელეგაცია სენატორი ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით ეწვია. მათ შეხვედრები გამართეს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. 10 სექტემბერს კი, თბილისს ამერიკის უწყებათშორისი დელეგაცია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თომას მელიას ხელმძღვანელობით ეწვია.
შემაჯამებელი პრესკონფერენცია თომას მელიამ ხელისუფლების და ოპოზიციის, ასევე არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდგომ, 12 სექტემბერს, დაგეგმა. მანამდე კი უწყებათშორისი დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობასა და შეხვედრების მთავარი თემების შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ.
წინასაარჩევნოდ საქართველოში მყოფი მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ.