„საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ გამართულ დებატებში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, ქდმ-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ და „ლეიბორისტული პარტიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა მიიღეს.
მასში მონაწილეობა არ მიიღო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული დებატების ფორმატი მისთვის მიუღებელი და აბსურდულია. კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ მასში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ რეალური დებატები გაიმართება და მასში ხალხიც ჩაერთვება.
პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კი, ბიძინა ივანიშვილის მიერ დებატებში არ მონაწილეობა, ივანიშვილის მხრიდან ქართველი ხალხის უპატივცემულობად შეაფასა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დებატების ასეთი ფორმატით გამართვას აზრი არ აქვს, რადგან მასში მხოლოდ ერთი მხარეა წარმოდგენილი და ყველაფერი დადგმული სპექტაკლს ჰგავს.
შეკითვებზე როგორ წარიმართა დებატები, რამდენად მოხერხდა პარტიების პროგრამის წარმოჩენა და რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ასეთი ფორმით ჩატარებულ დებატებს From.ge ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- როგორ შეაფასებთ გუშინდელ დებატებზე ბიძინა ივანიშვილის არ მისვლას? როგორ ფიქრობთ, რა მიზეზით არ ჩაერთო ის ამ პროცესში?
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არ იყო ამ ტიპის დებატების გამართვა. ის აბსოლუტურად საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ ეს არ არის დებატები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დებატებზე თვითონ მიხეილ სააკაშვილი უნდა მივიდეს, მაგრამ ის ამაზე არ დათანხმდა. ივანიშვილის შეთავაზება, ასევე, უკავშირდებოდა დებატებზე მთავრობის 7-8 კაციანი წარმომადგენლობის დასწრებას. სხვა შეთავაზება მისთვის მიუღებელია და რეალურად, არც აქვს აზრი ასეთ დებატებს. სწორედ ამიტომ არ მიიღო მან მონაწილეობა და ეს ბუნებრივიცაა.
- როგორ შეაფასებთ თვითონ დებატების მიმდინარეობას - როგორ წარიმართა პროცესი?
ფაქტიურად ეს იყო ერთი ძალის შიგნით გათამაშებული სპექტაკლი. თუმცა ამის ილუსტრაცია ისედაც ყოველდღიურად გრძელდება. დღეს, ხომ ფაქტობრივად, ორპოლუსიანი პოლიტიკური სივრცე გვაქვს. ბრძოლა ორ ძალას შორის მიმდინარეობს. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი.
გუშინ დებატებმა კი აჩვენა, რომ სამივე პარტია ფაქტიურად ერთ მხარეს წარმოადგენდა. ასეთი ტიპის შეხვედრებისთვის ისინი ტრენინგებს ფაქტიურად ერთი ცენტრში გადიან და პრინციპში ეს ძალიან ლოგიკურად და კარგად გამოჩნდა დებატებზეც და მის შემდეგაც, როცა შალვა ნათელაშვილი თავისი უხამსი წარმოდგენითა და თავისი ასაკისთვის არაშესაფერისი საქციელით დაჯილდოვდა და ხელისუფლებამ პარტია ამერიკაში ვიზიტით დაასაჩუქრა. დიდი ბოდიში, მაგრამ შალვა ნათელაშვილთან, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში პულსი არ ესინჯება და ქდმ-ს რომელთა რეიტინგიც, თუნდაც, მათი კვლევებით 3%-ს არ სცილდება, დებატებს აზრი არ აქვს.
- დებატებზე მოხერხდა თუ არა წარმოდგენილი პარტიების საარჩევნო პროგრამის წარმოჩენა და მიეცა თუ არა, საზოგადოებას შესაძლებლობა რეალურად შეეფასებინა ეს პროგრამა? ან შესაძლებელია თუ არა ასეთ პირობებში გაანალიზებული არჩევანის გაკეთება?
ვერცერთმა ძალამ ვერ მოახერხა საკუთარი პროგრამის წარმოდგენა, იმიტომ, რომ მათ რეალურად არც აქვთ არანაირი პროგრამა. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ლოზუნგებით შემოიფარგლებიან. თანაც საკმაოდ ავანტიურისტული ლოზუნგებით. გასაგებია, რომ ხელისუფლება 8 წელია იტყუება და დებატებზეც მორიგი ტყუილები წარმოადგინეს.
არსენა მარაბდელის პოზიციაში მყოფი ლეიბორისტების ფსევდოსოციალური რიტორიკა კი, არაფრის მომცემი და არაფრისმაქნისი არ არის. რაც შეეხება „ქრისტიან-დემოკრატების“ ტარიფების თემას, ეს წარმოუდგენელი თავხედობაა. მითუმეტეს მაშინ, როცა წინა არჩევნებზე 5 თეთრიან ტარიფებს გვპირდებოდნენ. წინასაარჩევნოდ სწორედ ეს იყო მათი მთავარი ლოზუნგი, თუმცა არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარლამენტშიც და საკრებულოშიც საკმაოდ მსუყედ იყვნენ წარმოდგენილები, სულ დაივიწყეს ეს თემა და ამით შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება. დღეს კი, ყოფნით თავხედობა, რომ ისევ ტარიფებზე ისაუბრონ. მათი არარსებული პროგრამებიც, ფაქტობრივად, არაფრისმომცემი იყო.
- ასეთ ვითარებაში რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს დებატებს?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის დებატები. ეს არის შიდა პარტიული სპექტაკლი. სინამდვილეში მათ სადებატო არაფერი აქვთ. ლეიბორისტებიც და ქდმ-ც დღეს, თითქოს, ხელისუფლებას აკრიტიკებს, სინამდვილეში კი, ერთიდაიგივე თემაზე და ამოცანაზე მუშაობენ - რომ მიხეილ სააკაშვილს შეუნარჩუნონ ხელისუფლება. კრიტიკის დასაშვები სადენი კი საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ცოტა გრძელია.
- თქვენთვის თუ იყო რაიმე განცხადება, დაპირება ან, თუნდაც საკითხი, რომელიც შეიძლება გზავნილად ჩაითვალოს და რაიმე სერიოზული დატვირთვა ჰქონდეს?
გუშინდელი განცხადებები საერთოდ უინტერესო და არაფრისმომცემი იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულებისამებრ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს მტრად აცხადებენ, რაც ბოლშევიკური მიდგომა და ბოლშევიზმის გამოხატულებაა. ვანო მერაბიშვილი საკმაოდ წარმოუდგენელ და სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ის რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური კლასის განადგურებაზე საუბრობდა. ხელისუფლება ვითომ ლენინიზმს აპროტესტებს. სინამდვილეში ისინი სწორედ ამ გზას ადგანან. საერთოდ პოლიტიკურ კლასთან ბრძოლა ეს არის ზუსტად ბოლშევიკური და კომუნისტური. ზუსტად მათი ტერმინოლოგიით აპელირებს ვანო მერაბიშვილი. აი ეს არის პრობლემა. ასეთი განცხადებების ფონზე რა მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება დამდგარიყო? არ მესმის.
- როგორ შეაფასებთ იმ გზავნილებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გახმიანდა?
ამ ყრილობით ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანა ვერდიქტი. გეტყვით რატომაც. ის გათვლილი იყო იმისათვის, რომ საზოგადოება შეეკრიბა. ყველა ამომრჩეველი იყო ყრილობაზე. ფაქტიურად მათ გვაჩვენეს მათი რაოდენობა. წარმოუდგენელია მას ვერ მოეხერხებინა და თავისი ამომრჩეველი სრულად ვერ გამოეყვანა, რადგან ამის ორგანიზებისთვის ყველა საშუალება ჰქონდა. თუმცა, ასეთი მაქსიმალური ორგანიზაციის ფარგლებში მათ ძლივს გაიყვანეს 150 ათასი კაცი. ამათგან კიდევ ბევრი იყო ისეთი, ვინც სახეს მალავდა. ჩვენ ამის ამსახველი კადრებიც ვნახეთ. ანუ გამოდის, რომ მათი რეალური რეიტინგი სულ 7-8 %-ია. გასაგებია, ისინი სხვადასხვა საშუალებებით შეეცდებიან ეს რეიტინგი აწიონ, მაგრამ ფაქტი, უკვე არსებობს.
ფაქტობრივად, ამით ხელისუფლებამ მათთვის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგეს. გვაჩვენეს, მათი ელექტრონალური ბაზა და თავიანთი ამომრჩეველი დაგვათვლევინეს. ამისათვის მათ დიდი მადლობა.