ხელისუფლება "მაესტროს" სატელიტური ანტენების დარიგებას გარკვეული პირობებით დათანხმდა, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელთან, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტუღუშის თქმით, აღნიშნული წინადადება კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლებს გიგა ბოკერიამ გააცნო.
როგორც ლაშა ტუღუშმა განმარტა, ანტენების დარიგებას განახორციელებს "საქართველოს ფოსტა" და ეს მოხდება "მაესტროს" სახელით.
"მაესტრომ" უნდა დადოს შეთანხმება "საქართველოს ფოსტასთან". დარიგებასა და უშუალოდ დამონტაჟებასაც "საქართველოს ფოსტა"განახორციელებს, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
სახელმწიფო კანცელარიაში დღვანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ: ლაშა ტუღუში, შორენა შავერდაშვილი და ნინო ზურიაშვილი, რომლებიც "მაესტროში" გაემგზავრნენ, რათა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას აღნიშნული წინადადები გააცნონ.
"ბოკერიამ გადმოდგა ნაბიჯი ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით და ეს სქემა არის ის, რომელზეც, ჩემი აზრით, შესაძლებელია დისკუსიის დაწყება", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
საუბარია ტელეკომპანია "მაესტროს" დაყადაღებულ რამდენიმე ათას ანტენაზე და რესივერზე.