ამა წლის 9 სექტემბერს, ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ბასრი იარაღით, სახისა და ხელის არეში დაჭრეს „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გობეჩია. როგორც იმავე წუთებში გაირკვა, ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი გიორგი ყავლაშვილია, რომელიც ახლადაშენებულ კორპუსში გობეჩიას მეზობელია. გობეჩია და ყავლაშვილის ერთმანეთს არ იცნობდნენ. კონფლიქტი კორპუსის წინ ავტომანქანის პარკირების თემას მოჰყვა, რომელიც „ობიექტივის“ დამფუძნებლის სტუმარს ეკუთვნოდა. თვითმხილველთა განმარტებით, გიორგი ყავლაშვილი ეზოში უცხო ავტომანქანის განთავსების საკითხმა გააღიზიანა. ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი, რომელიც, წესით, საზოგადოებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, არ დაელოდა, ვიდრე ვიდრე მისი მეზობლის, მამუკა გობეჩიას სტუმარი ავტომანქანას ადგილს შეუცვლიდა და ჯერ დაემუქრა, შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბოლოს, ბასრი იარაღით დაჭრა მამუკა გობეჩია.
ვიდრე დაზარალებული ქალაქის მე-5 საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანაშაულის ადგილზე საპატრულო პოლიციისა დასხვა ძალოვანის სტურუქტურების ( სავარაუდოდ, კუდის) წარმომადგენლები მივიდნენ. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ დროს მოხდა გიორგი ყავლაშვილის ძვირადღირებული „ჯიპის“ საბურავისა და განათების წინა, მარჯვენა ნაწილის დაზიანება და ყავლაშვილის „ჯიპის“ გადაადგილება სადარბაზოს მიმართულებით, რომელიც კონფლიქტისას სულ სხვა ადგილზე იდგა. ვვარაუდობთ, რომ დაზიანება მოხდა მიზანმიმართულად, რადგან გობეჩიას ირგვლივ ახალი და ცრუ ბრალდება აღმოცენებულიყო. თითქოსდა, დაზარალებულმა დანაშაულში ეჭვიტანილის ავტომანქანის საბურავი დასერა და ე.წ. წინა ფარი დაუმსხვრია. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მისული ძალოვანი სტურუქტურების წარმომადგენლებს სწორედ საბურავი ( როგორც ცრუ ბრალდების ნივთმტკიცება) აინტერესებდათ და არა გობეჩიას მდგომარეობა, რომელიც ამავდროულად დიაბეტის მძიმე ფორმითაა დაავადებული. „ობიექტივის“ ჟურნალისტები პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდით შემთხვევის ადგილზე. არც ერთ ძალოვანს კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ განგვიმარტეს, რომ დილით კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური გააკეთებდა. მას შემდეგ, ორი დღე გავიდა. სამინისტროს განცხადება საჯაროდ არ გავრცელებულა. გვაქვს ეჭვის საფუძველი გავაცხადოთ, რომ გობეჩიას წინააღმდეგ ვერსია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ძალოვანებს ის ჯერ არ დაუხვეწავთ. იმ კადრებიდან გამომდინარე, რაც გადავიღეთ, ვეჭვობთ, რომ დაზარალებული გობეჩია დამნაშავედ გამოცხადდება, ამიტომ ვაკეთებთ საჯარო განცხადებას- ბოლო დროს „ობიექტივის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ გაძლიერდა სხვადასხვა ფორმის მუქარა და ზეწოლა. რამდენიმე დღის წინ, მთალწმინდა-კრწანისის საგამოძიებო ორგანოებმა ჩემთან, ირმა ინაშვილთან მიმართებაში, დაიწყეს წინასაწარი გამოძიება, სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით, რადგან სოციალური ქსელიდან ადგილი აქვს სისტემატურ მუქარას ვინმე ნიკა თავაძის მხრიდან. მე მუდმივად ვაფრთხილებენ, რომ მომკლავენ. ასევე, მაფრთხილებენ, რომ ფიზიკურად გაანადგურებენ ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს. ამის შესახებ პოლიციის ორგანოებს ვაცნობე. დღეს მათ დამატებით მასალებს მივაწვდი. სოციალური ქსელიდან მუქარის წერილებს იღებდა, ასევე, მამუკა გობეჩია, რომელსაც ბრალს სდებდნენ სამშობლოს ღალატში. მგონი, ნაცნობი პათეტიკაა. ჩემს ძმას, კოტე ინაშვილს, რომელიც ჟურნალისტი და პირობითი მსჯავრდებულია, ცოტა ხნის წინ ორი წლით გაუხანგრძლივეს დამატებითი სასჯელი, ანუ 5-დან 7 წლამდე. მხოლოდ იმის გამო, რომ 2008 წელს მის მიერ ბანკში გადახდილი ჯარიმა, რატომღაც, პროკურატურის ანგარშზე არ გადაირიცხა. ასევე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მუდმივად უარს ეუბნება კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებაზე, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა, თუ სემინარებში და დროებით გაემგზავროს უცხოეთში. არის კიდევ არა ერთი ფაქტი, რომელზეც ყურადრებას აღარ გავამახვილებ, რადგან ეს ფაქტები ჩვენს მიერ საჯაროდაა გავრცელებული.
მივმართავთ ძალოვანის სტრუქტურების წარმომადგენლებს, არ დაუშვან „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა გობეჩიას წინააღმდეგ ცრუ ბრალდების ამოქმედების ფაქტი. ასევე, მისცენ კოტე ინაშვილს თავისუფალი გადაადგილების კანონით მინიჭებული უფლება, სასწრაფოდ გამოიძიონ, ვინ და რატომ მემუქრება, რომ ოქტომბრამდე მომკლავს და გამანადგურებს.
თბილისი. 2012 წლის 10 სექტმბერი.
მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი