7 სექტემბერს, სანკტ–პეტერბურგში ბოროდინოს ბრძოლიდან 200 წლისთავთან დაკავშირებით, იხსნება ამ ბრძოლის გმირის, ქართველი გენერლის პეტრე ბაგრატიონის მონუმენტი. მონუმენტის დადგმის იდეა ეკუთვნის „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს ალექსანდრე ებრალიძეს.
ძეგლის გახსნას დაესწრო პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, რომელიც ცერემონიალზე სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ინფორმაციას ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
პეტრე ბაგრატიონი გამოჩენილი ქართველი გენერალი იყო, რომელმაც არაერთი გამარჯვებით გაითქვა სახელი მე–19 საუკუნის რუსეთის იმპერიასა და ევროპაში. 1812 წელს ბაგრატიონი ნაპოლეონთან ბრძოლაში ბოროდინოს ველზე მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.