კოალიცია "ქართული ოცნების" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბმა ახალი პროექტი „ჩვენ ამას შევცვლით" წამოიწყო. პროექტის მიზანია მოსახლეობის პრობლემების წინ წამოწევა.
პროექტის ფარგლებში, საარჩევნო შტაბში არსებული მედიაჯგუფი საბურთალოს ოლქში მცხოვრებ ყველა იმ ოჯახს ეწვევა, რომლებიც თავად მიმართავენ მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს, ან შტაბი მოიძიებს ინფორმაციას კონკრეტული პრობლემის შესახებ. ამის შემდეგ მედიაჯგუფი პრობლემის შესწავლისა და შესაბამისი ამსახველი ვიდეომასალების საშუალებით კონკრეტული ოჯახების პრობლემას საზოგადოებას გააცნობს.
„დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები სახლში ეწვევიან და შეისწავლიან საბურთალოს რაიონში მცხოვრები ოჯახების პრობლემებს, რომელთაც უკანონოდ და უსამართლოდ აქვთ წართმეული კერძო საკუთრება, არიან სოციალურად დაუცველები, თუმცა სახელმწიფო მათ მდგომარეობას უყურადღებოდ ტოვებს, არიან მიწისძვრით დაზარალებული და მრავალ სხვა ტიპის პრობლემას“, - აცხადებენ „რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, მივლენ იმ ოჯახებში, რომლებმაც სახელმწიფო უწყებებს მიმართეს დახმარებისთვის. თუმცა მათი მხრიდან უყურადღებობას უჩივიან.
როგორც დავით უსუფაშვილის შტაბში აცხადებენ, ამ პროექტით მედიაჯგუფი მოქალაქეებს დაეხმარება პრობლემების შესახებ ხმა საზოგადოებას და შესაბამის უწყებებს მიაწვდინონ და ადეკვატური დახმარება მიიღონ.