უწყებათაშორისი კომისიის წევრის და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, კომისიამ გაარკვია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანომ სააგიტაციო მასალების განსათავსებლად ადგილები გამოყო, თუმცა გარკვეულ რეგიონებში საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი სივრცე შეზღუდულია.
როგორც კინწურაშვილი აცხადებს, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტებს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა მიეცეთ, უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაციას აძლევს, გააფართოვონ იმ ადგილების არეალი, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება იქნება შესაძლებელი.
„ასეთი ქმედებები მხოლოდ შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში უნდა იყოს შეზღუდული – საკულტო და კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერზე, საგზაო ნიშნებზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ კულტურულ-ეკონომიკურ, ცალკეული არქიტექტურულ ობიექტებზე და მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულებების მქონე ადგილებში. შეზღუდვა არ უნდა ვრცელდებოდეს ელექტრონულ ბოძებზე. ზემოთ ჩამოთვლილი ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალის განთავსება კერძო პირების, ან ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ შენობებზე, მათ მფლობელთა თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება განხორციელდეს“, - განაცხადა კინწურაშვილმა.
მისივე თქმით, უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებს აძლევს ასევე რეკომენდაციას, მოახდინონ საარჩევნო სუბიექტების ინფორმირება იმ ადგილების შესახებ, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსებაზე შეზღუდვა ვრცელდება. ასევე მიაწოდონ ინფორმაცია ცესკო-საც.