„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის უარი ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
თაქთაქიშვილის თქმით, გუშინდელი სატელევიზიო დებატები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მას ორი გამარჯვებული ჰყავდა.
„პირველი გამარჯვებული ქართველი ამომრჩეველია, რომელმაც საქართველოს ისტორიის განმავლობაში პირველად ნახა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამომრჩეველმა პირადად ვანო მერაბიშვილისგან მოისმინა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამის, კონკრეტულად კი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ. ივანიშვილის უარი დებატებში მონაწილეობაზე არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატები შედგა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს - ვანო მერაბიშვილს, გიორგი თარგამაძესა და შალვა ნათელაშვილს შორის.