აგროსამრეწველო კორპორაცია Arco International Group -ის პრეზიდენტი ფრანჩესკო პიოვანეტი უკვე თბილისშია. ადამიანი, რომელმაც რუსეთში ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი აქტივი იყიდა, „ქართული ოცნების“ ლიდერს შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი სტუმარს ქართული სოფლის პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა, Arco International Group -ის პრეზიდენტმა კი ამ საკითხებით დაინტერესება გამოხატა.
„ეს კომპანია არის ძალიან მრავალმხრივი, მათ ძალიან საინტერესო, ძალიან რთული და თანამედროვე მენეჯმენტი აქვთ. მე დამაინტერესა მათმა ფონდმა ბიზნესკუთხით და გარდა ამისა, ჩვენ საქართველოში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად დავასახელეთ. მათ გაუჩნდათ ინტერესი, რამდენადაც მიცნობენ და გაიგეს ჩემს შესახებ. საქართველოში საინტერესო ინვესტიციების შესახებ გვქონდა სერიოზული საუბარი. მე მას მოვახსენე, რომ მაქვს საინვესტიციო ბანკი და ვფიქრობ, ჩვენ მომავალში მოვახერხებთ კარგი ურთიერთობა დავამყაროთ“,-აღნიშნა ივანიშვილმა.
Arco International Group -ის პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი რეგიონში საინტერესო ინვესტიციებს შეეხო.
„ვისაუბრეთ ჩვენს ამერიკულ ფონდზე და ამ რეგიონში საინტერესო ივესტიციაზე. განსაკუთრებით ტექნოლოგიებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში. ვისაუბრეთ ახალ ტრანზაქციებზე, რაც ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენ ვაპირებთ ინვესტირებას სოფლის მეურნეობის დარგში. მინდა ვთქვა, რომ კარგი შეხვედრა იყო სამომავლო თანამშრომლობისთვის უცხოელ, განსაკუთრებით ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობაში“,-აღნიშნა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ფრანჩესკო პიოვანეტიმ.
Arco International Group ამერიკული საინვესტიციო ფონდია, რომელიც ალტერნატიულ ინვესტიციებს დებს კომერციულ სფეროებში, ინფრასტრუქტურასა და უძრავ ქონებაში.
კომპანია „უნიკორის“ განცხადებით, ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ აგროსამრეწველო კორპორაცია „სტოილენსკაია ნივა“-ში 180 მილიონი დოლარი გადაიხადა. “სტოილენსკაია ნივა“ 2000 წელს დაარსდა და დღესდღეობით მას რუსულ ბაზარზე პირველი ადგილი უკავია პურპროდუქტეულობის დამზადება-გამოშვების კუთხით. კორპორაციაში 14 პურის ქარხანა შედის, რომელიც წელიწადში 350 000 ტონა პურის და საკონდიტრო წარმოების პროდუქციას უშვებს. კორპორაციაში 10 000 ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მაისში ივანიშვილის კუთვნილმა კომპანია „უნიკორმა“ გაყიდა სააფთქიაო ქსელი „დოქტორ სტოლეტოვი“, რომელიც რუსეთის 11 რეგიონში ფუნქციონირებდა. მყიდველი პეტრბურგის ფარმა-დისტრიბუტორი „იმპერია-ფარმა“ გახლდათ, რომელსაც, როგორც ამბობენ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის ვალენტინ მატვიენკოს ვაჟიშვილი სერგეი მატვიენკო გახლავთ. მატვიენკომ „დოქტორ სტოლეტოვში“ 60-70 000 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა. მაისშივე გახდა ცნობილი, რომ „უნიკორმა“ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც კერძო ინვესტორებს 352 000 000 ამერიკულ დოლარად მიჰყიდა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „როსიისკი კრედიტი“.
„როსიისკი კრედიტის“ გაყიდვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა БИН-მა ბიძინა ივანიშვილის დეველოპერული აქტივები 982, 5 მილიონ დოლარად შეიძინა. აქტივებში შედის მოსკოვის ხამოვიკების რაიონში მშენებარე საცხოვრებელი რაიონი „სადოვიე კვარტალი“, სასტუმრო კომპლექსი „ლუქს ოტელი“, რომელსაც Mandarin Oriental Hotel Group უწევს მენეჯმენტს, ტვერის ქუჩაზე სასტუმრო „ცენტრალნაია“, შარშან გახსნილი მრავალფუნქციური კომპლექსი „სამიტი“, აგრეთვე სასტუმრო InterContinental Moscow Tverskaya. მეოთხე დეველოპერული აქტივი გახდა ოჩკოვოს რაიონში 8,8 ჰექტარი მიწის ფართობი.