„ახალი მემარჯვენეების“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა შავგულიძე ღვინის წარმოებასა და ექსპორტში მონოპოლიის არსებობას აპროტესტებს.
მისი განცხადებით, ხელისუფლების მიერ ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მონოპოლიზების გამო, ზესტაფონში დაიხურა და შვიდზე მეტი ღვინის ქარხანა დაინგრა.
„ჩვენი სოფლები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ყურძნის უხვი მოსავლით და გლეხები ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარებით არჩენდნენ ოჯახებს. ზესტაფონში ათამდე ღვინის ქარხანა მოქმედებდა და მეღვინეები ტრადიციულად ახერხებდნენ თავიანთი ნაწარმის რეალიზებას ქვეყნის შიდა თუ გარე ბაზარზე. როგორც ყველა სფეროში, ისე ღვინის წარმოებაშიც, ხელისუფლებამ მონოპოლიები შექმნა და სხვებისთვის დაბლოკა ღვინის ექსპორტი. სწორედ ამან განაპირობა ზესტაფონში ღვინის ქარხნების დახურვა და დანგრევა. ხელისუფლებას არ აქვს პასუხი, თუ რა უნდა იღონოს ზესტაფონელმა მევენახემ. სად უნდა წაიღოს მან წლევანდელი ყურძნის უხვი მოსავალი და რით გამოკვებოს ოჯახი. ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ მონოპოლიების წინააღმდეგ ვიბრძვით და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში თავისუფალი, კონკურენტული ბიზნეს-გარემო შეიქმნას და თითოეული ოჯახი საკუთარი შრომით მოძლიერდეს. საქართველოს სჭირდება შეძლებული ოჯახი, როგორც სოფლად, ისე ქალაქად, ამისთვის აუცილებელია ხელი შეეწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, თითოეულ სოფელში გაიხსნას მცირე საწარმო და აღორძინდეს სოფლის მეურნეობა“, - განაცხადა კახა შავგულიძემ.