"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რუსეთში აქტივების გასხვისება კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს.
ამის შესახებ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 8 სექტემბერს, ბრიტანულ გამოცემა „ინდიფენდენტში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, სათაურით „ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი ქართული ოცნებით".
ჯაფარიძის თქმით, სტატიაში ივანიშვილი აცხადებს, რომ „პუტინს რომ გაეგო სააკაშვილს ვხვდებოდი, ჩემი ბიზნესი რუსეთში მეორე დღესვე დამთავრდებოდა". ამ განცხადებით, ჯაფარიძის აზრით, ქართული საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, ვისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და იმყოფება ივანიშვილი, თუნდაც ისეთი მარტივი გადაწყვეტილების მიღებისას, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა.
მისივე თქმით, კრემლის თანხმობის გარეშე რუსეთში მრავალმილიონიანი ქონების გასხვისება შეუძლებელია.
„ნებისმიერი განცხადება აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით კრემლის გავლენისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს და ეს არის საქართველოს მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრის კიდევ ერთი მცდელობა.თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილის აქტივები გადაფორმდა პუტინთან დაახლოებული ბიზნესწრეების წარმომადგენლებზე, როგორებიც არიან: ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკიანოვი, ანატოლი მოტილევი, სერგეი მატვიენკო, აღარ რჩება ეჭვი, თუ ვის მიერ კოორდინირებული თამაშის ნაწილია ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება საქართველოში – ეს არის კრემლი", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.