პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და აშშ-ს დელეგაციას შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
ივანიშვილის განცხადებით, ეს დელეგაცია აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ იყო წარმოგზავნილი და აღნიშნა, რომ ამ წარმომადგენლების ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„თვითონ ფაქტი, რომ ეს შეხვედრა შედგა და ასეთი დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში მნიშვნელოვანია. ეს გამოხატავს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, იმას, თუ როგორ დიდ ყურადღებას აქცევს აშშ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში წინასაარჩევნო მდგომარეობაში ძალიან კარგად არიან გაცნობიერებულები.
„ჩვენ მას დამატებითი ფაქტები მივაწოდეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ასეთი პოზიცია გააჩნიათ მათაც“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს პიროვნებები არა მის მხარდასაჭერად, არამედ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ.
„დიდი ინტერესია შეიქმნას პრეცედენტი და საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.
კოალიციის მხრიდან კი კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მანანა კობახიძე, დავით უსუფაშვილი და მაია ფანჯიკიძე.