საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქებს საარჩევნო რეგისტრაციის გავლა დამატებით 12 და 13 სექტემბერს შეეძლებათ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საკონსულო რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა, თუმცა ცესკო-მ დამატებით დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები საკონსულო რეგისტრაციის გავლას 12 და 13 სექტემბერსაც შეძლებენ.
სპიკერის თქმით, ამისთვის საჭიროა, რომ ისინი გამოცხადდნენ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე და წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„ ასევე იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იყვნენ და არჩევნების დღეს საქართველოში იქნებიან, საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის მოთხოვნით სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს უნდა მიმართონ“ - განაცხადა აზარაშვილმა.