18 აგვისტოს დაკარგული პოლონეთის მოქალაქის, ანა მაგდალენა მოძელევსკას გვამი ნაპოვნია. ამასთან დაკავშირებით განცხადება შსს-მ გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, გვამი, რომელიც სავარაუდოდ მდინარემ გამორიყა, ენგურის პირას ნახეს.
„პოლონეთის მოქალაქის ანა მაგდალენა მოძელევსკას გვამი ნაპოვნი იქნა მდინარე ენგურის პირას. სავარაუდოდ, გვამი მდინარემ დღეს გამორიყა.ანა მაგდალენა მოძელევსკა მეგობართან ერთად იმყოფებოდა მესტიის რაიონში. 18 აგვისტოს ისინი ნასვამ მდგომარეობაში უშგულის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ანა მაგდალენა მოძელევსკა მდინარეში ჩავარდა. მისი დაკარგვისთანავე დაიწყო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, თუმცა მის პოვნას ხელს კლიმატური პირობები უშლიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით გვამს, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.