„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათ მიერ ამოქმედებული პირველი კანონი ნატოში შესვლაზე უარის თქმა იქნება.
ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის გამართული დებატებისას განაცხადა.
ნათელაშვილის განცხადებით, საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოზე და უნდა აღიდგინოს დამოუკიდებლობა, მათ შორის საგარეო პოლიტიკური კუთხით.
„ნატომ დაგვაკარგვინა სამაჩაბლო, აფხაზეთი და თვითონ და რუსეთი კარგად არიან ჩახუტებულები. პირველი კანონი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მივიღებთ, ნატოში შესვლაზე უარის თქმა და ავღანეთის სასაკლაოდან ქართველი ბიჭების გამოყვანა იქნება. ესაა სხვისი ომი და იქ ჩვენი სამხედროები სააკაშვილმა საკუთარი სკამის გასამყარებლად გაგზავნა", - აღნიშნა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე სააკაშვილის „დანაშაულებრივი საგარეო პოლიტიკაა“ და არა პუტინი, რუსეთი, მალაიზია ან ირანი.
„რეალური საფრთხე სააკაშვილის დანაშაულებრივი საგარეო პოლიტიკაა, რომელმაც საქართველოს სუვერენიტეტი ნატოსა და აშშ-ის ისეთ ყველაზე სამხედრო აგრესიულ წრეებზე გაყიდა, როგორიც მაკკეინია”, - დასძინა ნათელაშვილმა.