„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი თარგამაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა" არ იმსახურებს, რომ ქართველ ხალხთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.
ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში , პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის გამართული დებატებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა მოსახლეობისთვის აქამდე მიცემული დაპირებების შესრულება ვერ შეძლო.
მისი თქმით, არჩევნები ესაა ახალი ხელშეკრულების გაფორმება ჩვენს ამომრჩეველთან, რასაც „ნაცმოძრაობა“ არ იმსახურებს.
„მან არ შეასრულა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება - სააკაშვილი იძლეოდა პირობას, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ცხინვალსა და სოხუმში ვიზეიმებდით საქართველოს დამოუკიდებლობას. არ შესრულდა პუნქტი, რომლითაც საქართველო უნდა გამხდარიყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი და ვყოფილიყავით დაცულები - პირიქით, საქართველო, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დაშორდა ნატოს სტრუქტურებს. არ შესრულდა ჩვენს ქვეყანაში მეტი თავისუფლებისა და დემოკრატიის პირობა - დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც პოლიტიკური უფლებები დარღვეულია, დემოკრატიული ინსტიტუტები კი კიდევ უფრო შესუსტებული. არ შესრულდა ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას - „ნაციონალური მოძრაობის" ორი საპარლამენტო დეკატისა და სააკაშვილის ორი საპრეზიდენტო ვადის თავზე მივიღეთ საქართველო, რომელშიც არის ერთი მუჭა მილიონერი და მილიონობით გაღატაკებული ადამიანი", - აღნიშნა თარგამაძემ.
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გუშინ გამართულ დებატებში მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი.