ვანის რაიონში ექიმიც დაუცველია და პაციენტიც - ამის შესახებ, „ახალი მემარჯვენეების“ მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხათუნა მესხმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვანის რაიონში 5-საწოლიანი ავარიული საავადმყოფო 23 სოფლის 35 000 მცხოვრებს ემსახურება. საავადმყოფო აღჭურვილია საბჭოური ინვენტარით. 2011 წლიდან საავადმყოფო სამართავად გადაეცა შპს „ადითს“. სახელშეკრულებო პირობებით არ იყო განსაზღვრული კერძო სექტორის ვალდებულებები შეინარჩუნონ პერსონალი. ამ ხელშეკრულების თანახმად, კადრების ოპტიმიზაციის გამო მედპერსონალი შემცირდა 14 შტატით; გაუქმდა სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება; რეანიმაციური და საოპერაციო ბლოკი, პოლიკლინიკაშიც სპეციალისტების დეფიციტი გაჩნდა. მაშინ, როდესაც საქართველოში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საკმაოდ მაღალია, თუმცა სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ სამედიცინო პერსონლი ქალაქისა დარეგიონების მიხედვით არათანაბრად არის გადანაწილებული. სწორედ ამიტომ, ვანის საავადმყოფოში სპეციალისტების სიმცირეა. შედეგად კი პრობლემაა მოსახლეობის კვალიფიციური მომსახურება და ადამიანები, უკეთესი მომსახურების მიზნით, იძულებული არიან ქუთაისსა და სამტრედიის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ. აქედან გამომდინარე, იმატა გადინებამ, საავადმყოფოს დატვირთვა ნაკლებია“, - განაცხადა მესხმა.
მისი თქმით, მედპერსონალის შრომითი ხელშეკრულებით ვიზიტის 15 % იღებს ექიმი და ფაქტობრივად შპს „ადითს“ მიზერულ თანხად ჰყავს დაქირავებული პერსონალი.
„ის, რომ ჯანდაცვა ხელმიუწვდომელია, ერთი პრობლემაა, ამას ემატება ის, რომ ვანის რაიონში არ არსებობს გამართული საავადმყოფო. ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან დროულად იქნას მოგვარებული ყველა ის პრობლემა, რაც უკავშირდება ჯანდაცვას ჩვენს რაიონში, რათა ექიმიც დაცული იყოს და პაციენტიც“, - განაცხადა ხათუნა მესხმა.