საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რეზერვი საქართველოს ყველა რეგიონში იქმნება, თუმცა ლაპარაკი დაიწყეს, რომ სამეგრელოშია ეს გასაიდუმლოებული სამხედრო ფორმირება.
პრეზიდენტმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეზერვი საქართველოში ყველგან იქმნება და 99% ჩაეწერა სამეგრელოში და ქართლში, მაგრამ ზუსტად ასევეა ყველა სხვა რეგიონში.
„რაღა მაინცდამაინც სამეგრელო გამოყვეს, რატომ დაიწყეს ლაპარაკი, როცა რეზერვი საქართველოს ყველა რეგიონში იქმნება, რომ სამეგრელოშია ეს გასაიდუმლოებული სამხედრო ფორმირება. იმიტომ, რომ ეს ზუსტად ის ხალხია, რომელმაც 1992 წელს, იმ საბაბით, რომ აქ იყო ფორმირებები, შემოვიდნენ და ოჯახი არ დაუტოვებიათ ზუგდიდში, რომ არ შესულიყვნენ და არ გამოეტანათ იქ შექმნილი დოვლათი. ეტყობა დაგროვდა კიდევ დოვლათი სამეგრელოში ნელ-ნელა და ეტყობა, ეფხანებათ კიდევ ვიღაც-ვიღაცეებს ხელები. ნურას უკაცრავად, ერთი რამ შეეშალათ, მაშინდელ პრეზიდენტს ერქვა მათი საყვარელი შევარდნაძე და დღეს მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და აღარასოდეს დავუშვებ, რომ თითი დააკაროს აქაურობას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს 11 ქალაქში წინასაარჩევნო ყრილობას მართავს. თითქმის ყველა ქალაქში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.