საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებ-გვერდებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების გაშუქების ფაქტებს ეხმაურება. საიაში მიაჩნიათ, რომ ამ ყოველივემ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო.
საიას წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ნათლად მეტყველებს ადგილობრივ დონეზე პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის არარსებობაზე, რა დროსაც უგულებელყოფილია საჯარო სამსახურის უპარტიობის ძირითადი პრინციპი.
აღნიშნულთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მათ მიერ ჯამში 14 თვითმმართველობის ვებ-გვერდი იქნა გამოვლენილი, სადაც განთავსებული მასალა საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
„ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თვითმმართველობების ვებ-გვერდები აქტიურად აშუქებენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენის პარტიულ ღონისძიებებსა თუ ისეთ სააგიტაციო შეხვედრებს, სადაც ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებები უხვადაა გამოყენებული. ხშირ შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდებზე განთავსებულია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სურათები. ცალკეულ შემთხვევაში გამოქვეყნებულია საარჩევნო სუბიექტის ნომერი „5“-ის, საარჩევნო პროგრამის, კანდიდატის სახელისა და გვარის შემცველი საარჩევნო ბანერის ამსახველი ფოტომასალა. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში, თვითმმართველობების ვებ-გვერდების მეშვეობით ხორციელდება მთავარი ოპოზიციური გაერთიანების საწინააღმდეგო აგიტაცია“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე აღნიშნავენ, რომ თვითმმართველობების ვებ-გვერდებზე მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას აქვს ადგილი და არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური პარტიების პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიება.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საინფორმაციო მომსახურების გამოყენება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
„ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ქვემოთ მითითებული მუნიციპალიტეტების პასუხისმგებელი პირები არღვევენ საარჩევნო კოდექსის ამ მოთხოვნებს, რაც მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, კერძოდ კი 2000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველია. ამის პარალელურად, მიზანშეწონილია შესაბამისი პირებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული საქციელის ჩადენის გამო. საიას მოსაზრებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე მკვეთრად სააგიტაციო შინაარსის მასალის მრავალგზის გამოქვეყნების გამო უნდა დადგეს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
შესაბამისად, საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ.
ასევე, მოუწოდებენ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.