ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საია“ და „სამართლიანი არჩევნები“ თელავში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდებიან. აქცია 9 სექტემბერს გაიმართება.
როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
„ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თელავში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 9 სექტემბერს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება. საია და „სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება, სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.