„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები NDI-ის კვლევის მონაცემებს დამატებით პასუხისმგებლობად მიიჩნევენ. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
თაქთაქიშვილის განცხადებით, ეს არის დამატებითი პასუხისმგებლობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეტი ძალისხმევით შეძლოს იმის განხორციელება, რომელსაც პროგრამა - „მეტი სარგებელი ხალხს“ გულისხმობს.
თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ არსებული პრობლემები იქნას მოგვარებული.
„არჩევნებამდე დარჩენილ დროს გამოვიყენებთ, რომ ხალხს დეტალურად ავუხსნათ რის გაკეთებას ვაპირებთ გამარჯვების კვალდაკვალ“, – განაცხადა თაქთაქიშვილმა.
NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების მაჩვენებლები გაიზარდა, ხოლო ოპოზიციის - შემცირდა. კითხვაზე, მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პიროვნება, 62% ვანო მერაბიშვილმა მიიღო (წინა კვლევასთან შედარებით +7%), მიხეილ სააკაშვილმა - 61% (+3%), გიგი უგულავამ – 58%, დავით ბაქრაძემ - 55%, გიორგი თარგამაძემ – 49%, ინგა გრიგოლიამ – 41%, ბიძინა ივანიშვილმა – 39% (-7%).
ამავე კითხვაზე პასუხების მიხედვით, 91% სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო.
გარდა ამისა, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 37% ; კოალიცია „ქართული ოცნება“ - 12%; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 3%. არ ვიცი- 22%, არც ერთს-3%, პასუხზე უარი თქვა 16%-მა.
ამასთან, წინა კვლევასთან შედარებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა 1%-ით მოიმატა, „ქართული ოცნების“ რეიტინგმა კი, - 6%-ით დაიკლო.