საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“თავმჯდომარე, კოკა გუნცაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ამომრჩეველთა ლიგას“ საარჩევნო მიზნების მქონე პირის სტატუსი მიენიჭა, აბსურდულს უწოდებს. ამის შესახებ გუნცაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ამომრჩეველთა ლიგა“ აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტიებთან გაათანაბრა და მათზე ყველა ის შეზღუდვა დააწესა, რაც პოლიტიკურ პარტიებზეა დაწესებული.
გუნცაძის განცხადებით, „ამომრჩეველთა ლიგა“ სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და „ცესკომ“ მას ადგილობრივი სადამკვირვებლო სტატუსი 2012 წლის 7 აგვისტოს ნომერ 138-ე განკარგულებით მისცა.
„ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ერთი ხელით ცესკოს მეშვეობით ამბობს, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი ორგანიზაცია და გვაქვს უფლება დავაკვირდეთ არჩევნებს. ხოლო მეორე ხელით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით ამბობს, რომ ვართ საარჩევნო მიზნების მქონე ორგანიზაცია და გათანაბრებული პოლიტიკურ პარტიებთან. აი, სადამდე შეიძლება დავიდეს აბსურდი და სიყალბე, რომელშიც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ცხოვრობს“, - განაცხადა გუნცაძემ.
გუნცაძეს მიაჩნია, რომ სინამდვილეში სახელმწიფო აუდიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ ამომრჩეველთა ლიგამ დაადგინა, ამომრჩეველთა სია მილიონზე მეტითაა გაზრდილი, რომ ხელისუფლება აპირებს საზღვარგარეთ წასულების ნაცვლად თავად მისცეს ხმა აქ, რომ უბნებზე გამოკრული სიები სავსეა გარდაცვლილებით, რომ ის აპირებს ფიქტიური ამომრჩევლის გვარებზე ყალბი მოწმობებით ატრიალოს კარუსელი.
„გვაქვს ფაქტები, გვაქვს ინფორმაცია რა ხდება საარჩევნო სიებში და რას აპირებს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ ცდილობენ 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებს ჩამოგვაცილონ“, - განაცხადა გუნცაძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ლიგა იპოვის გზებს და თავისი 2 ათასზე მეტი წევრით საქართველოს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ხელისუფლებას არჩევნების დაგეგმილ ფალსიფიკაციის საშუალებას არ მისცემს.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივ მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 26-ე პრიმა მუხლით საარჩევნო მიზნების მქონე და პოლიტიკურ პარტიებთან გათანაბრებული პირის სტატუსი მიანიჭა.