ბრიტნი სპირსი გასული წლის მძიმე პერიოდის შემდეგ, ნელ-ნელა, ისევ ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში.
როგორც ცნობილია, შარშან, მომღერალი განქორწინების შემდგომი დეპრესიით იტანჯებოდა, წელს კი, ახალი ქორწინებისთვის ემზადება. მისი მუსიკალური კარიერაც წინ მიიწევს, მართალია მისი სახელი ისე არ ჟღერს, როგორც ათი წლის წინ ჟღერდა, მაგრამ პოპულარობის აღსადგენად ბრიტნი ყველაფერს აკეთებს.
მან წონაშიც დაიკლო და ფორმაში ჩადგა, თავის მოვლის საშუალებებში კი, ყოველთვიურად ათასობით დოლარს ხარჯავს.
30 წლის ბრიტნი სპირსი ჟურნალი Elle-ს ოქტომბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა, გარდა ამისა, ჟურნალში მისი ვრცელი და საკმაოდ გულახდილი ინტერვიუც დაიბეჭდება.
ინტერვიუში მისი საქმრო ჯეისონ ტრეივიკიცაა ჩართული, წყვილი ყვება თუ რა რთულია გლამურულ საზოგადოებაში მუდმივი ადგილის შენარჩუნება. ის აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრით დაიღალა და ამ მხრივ, ბრძოლას არ აპირებს. „ძალიან მიყვარს ჯინსები, კედები და წარწერებიანი მაისურები, შინაგანად ძალიან უბრალო ადამიანი ვარ. რთულია ჩემთვის კიმ კარდაშიანივით გამოვიყურებოდე და ყოველ ჯერზე, სახლიდან გამოსვლის წინ მაკიაჟი და ვარცხნილობა ვიკეთო. არ მინდა ასეთი იდეალურობა, მხოლოდ იმიტომ, რომ გლამურული საზოგადოების წევრი ვიყო“-ამბობს მომღერალი.