ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდის სოფლებში შეხვედრა გამართა.
მან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა სოფლების: რუხის, გრიგოლიშის, კახათის და ზუგდიდის კონსტანტინე გამსახურდიასა და გორკის ქუჩის მცხოვრებლებს გააცნო.
ალასანიას თქმით, 100 მილიონი ლარი, რომელიც ჩაიდება ზუგდიდის ეკონომიკაში ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების საშუალებას მისცემს. მისივე თქმით, კოალიციის მიერ მიცემული დაპირებები რეალური და ეკონომიკურად გათვლილია.
„ამიტომ უნდა მოხდეს განსხვავება და შედარება, რა იყო ადრე და რა არის ეხლა, ან ვინ არის წარსული და ვინ არის მომავალი“, - განაცხადა მან.
დეპუტატობის კანდიდატის აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის მთავარი მტერი უკიდურესი სიღატაკეა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ისინი სწორედ ამის წინააღმდეგ აპირებენ ბრძოლას.
„ჩვენთვის არც ერთი ქართველი არ არის მოწინააღმდეგე და მტერი, ყველანი ჩვენი საქართველოს და ამ კუთხის შვილები ვართ. ჩვენი მთავარი მტერი უკიდურესი სიღატაკეა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია,“ - განაცხადა მან.
ირაკლი ალასანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კიდევ ერთხელ მოუწოდა დებატებში მონაწილეობისკენ და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მოსახლეობამ, დებატების დროს კარგად უნდა დაინახოს განსხვავება ორ მხარეს შორის და გადაწყვეტილება ასე მიიღოს.
„ამის ღირსები არიან ზუგდიდელები და ეს სჭირდება ჩვენს კონკურენტულ გარემოს, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ უნდა შევქმნათ“, - განაცხადა ალასანიამ.