"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნება" საქართველოს ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ გამოდის.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში ვიზიტისას მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო დაუახლოვდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს.
მინაშვილის განცხადებით, რასმუსენმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ რუსეთის გეგმა ჩაიშალა, რომელიც გულისხმობდა აგრესიის მეშვეობით ხელი შეეშალა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის.
"მაშინ, როდესაც მსოფლიოს ლიდერები ცალსახად აფიქსირებენ საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებისკენ მხარდაჭერას, "ქართული ოცნება" ამ ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ გამოდის", - განაცხადა მინაშვილმა.
მან მოიყვანა გუბაზ სანიკიძის, გოგი თოფაძის, ზვიად ძიძიგურის და კობა დავითაშვილის განცხადებები, რომლებიც ნატო-ს წინააღმდეგ არის მიმართული.
"ტრადიციულად, "ქართული ოცნების" რიტორიკა რუსეთის ხელისუფლების პოზიციას შეესაბამება. ეს განცხადებები ადასტურებს, რომ ბარიკადების ერთ მხარეს არის საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო, განვითარებული ქვეყანა, წარმატებული მოქალაქეები, ხოლო ბარიკადების მეორე მხარეს -წარუმატებელი, ჩამორჩენილი, კორუფციაში ჩაფლული რუსეთი და "ქართული ოცნება" ", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.