საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქარელის მოსახლეობას შეხვდა და მათ სამოქმედო პროგრამა გააცნო. მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს მხარდაჭერისთვის და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება აღუთქვა.
„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში და ავაშენებთ ღირსეულ ქვეყანას. ეს არის ჩვენი ქართული ოცნება და მას უთუოდ ავიხდენთ!“ -განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და საზოგადოების ნდობა დაიმსახურა.
„შიში გრძელდება, მაგრამ ნელ-ნელა კნინდება. ჩვენ ჩავალთ არჩევნებამდე. დღეს საქართველოს ყველა კუთხეს ძალიან უჭირს, მათ შორის ამ რეგიონში მთლიანად გაპარტახებულია სოფლის მეურნეობა. ვიცი, რა დიდი გაჭირვებაა რეგიონებში. ჩვენ დავიწყებთ იმით, რომ ძალიან სწრაფად აღვადგენთ ქვეყანაში სამართლიანობას. ძალიან სწრაფად დაგიბრუნებთ სამართლიანობის განცდას. ვერცერთი ჩინოვნიკი ჩვენს მთავრობაში ვერ მიიღებს იმ განცხრომას, რაც დღეს მუდმივად ხდება. ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს საშუალო მოქალაქეზე უკეთესად. მას ექნება უდიდესი დატვირთვა და უდიდესი ვალდებულების გრძნობა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ მოახერხებს.
„არ დაიჯეროთ, რასაც ამბობენ, რომ არჩევნები მაინც გაყალბდება. ისე კარგად გვაქვს გათვლილი ყველაფერი, ვერაფერს მოახერხებენ. არჩევნების დღეს გამყალბებლებს საცინლად ავიგდებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.