"100“ - ასე ჰქვია ჰოლანდიელი რეჟისორის, ერვუნ როლფის მინი ფილმს, რომელიც ადამიანის დაბერების პროცესს ასახავს.
რეჟისორმა 150 წამში ჩაატია ცხოვრების 100 წელი, რომელიც ყველა ასაკის მოხალისეებმა ერთი სიტყვით წარმოადგინეს. მთლიანობაში ფილმი ცხადყოფს დროის წარმავალობას და ასახავს გარდაუვალ სიბერეს.
როლფი პროექტის მონაწილეებს, ამსტერდამის ქუჩებში ეძებდა. აჩერებდა მათ და სთხოვდა, კამერისთვის შეეხედათ და საკუთარი ასაკი ეთქვათ. ვიდეოს გადაღება კარგად დაიწყო, თუმცა რაც უფრო იზრდებოდა ასაკი, მით მეტად უჭირდა რეჟისორს ხანდაზმული ადამიანების მოძებნა. ბოლოს როლფი ასაკოვან ხალხს სახლებში ეძებდა. „განსაკუთრებით რთული 99 წლის მოდელის გადაღება იყო, მას ოთხი თვის განმავლობაში ვეძებდი“-აღნიშნავს რეჟისორი.
ფილმის პერსონაჟთა გალერეას იწყებს პატარა, რომელიც ერთი წლისაც არ არის. მას რა თქმა უნდა არ შეეძლო თავისი ასაკი ეთქვა, ამიტომ მხოლოდ კამერაში იხედება. რაც შეეხება მე -100 პრესონაჟს, ის თავის ასაკს ამაყად და ომახიანად ამბობს „ასი“.