ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს მასშტაბით 22%–იანი მხარდაჭერა აქვს.
პოლიტიკური გაერთიანება – „კახა კუკავა –თავისუფალი საქართველოს“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ მათ გაერთიანებას 5%–იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.
ლორთქიფანიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ მთავარი ოპოზიციური ძალაა, ბიძინა ივანიშვილი კი საყოველთაო–სახალხო ლიდერი, თუმცა, ქართული ოცნების ახდენის გზაზე „თავისუფალ საქართველოს“ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
From.ge დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა:
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ვარაუდობენ, რომ საქართველოს რაიონების უმეტესობას მათი მაჟორიტარები მოიგებენ. რა აძლევთ მათ ამის თქმის საფუძველს?
-ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები გასაკვირი არ არის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს წინასწარ აქვთ განსაზღვრული ის პროცენტული ბალანსი, რომლითაც აშკარა უპირატესობის მოპოვებას აპირებენ.
ანუ გააყალბებენ?
-არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან, მათ უკვე აქვთ პროცენტული მონაცემები, რომლითაც არჩევნების შედეგს გამოხატავენ. არც ერთ ობიექტურ მონაცემს არ ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შესახებ ცნობა. არა მხოლოდ თბილისში, სადაც ნაციონალური მოძრაობის მიმართ განწყობა უარყოფითია, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი. ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ხალხი იმ აზრს შეაგუოს, თითქოს მაჟორიტარულ ოლქებში მათ პრობლემა არა აქვთ და გამარჯვებას მოიპოვებენ. ეს არის საზოგადოებრივი აზრის ზომბირება.
ნაციონალური მოძრაობა 75 მაჟორიტარიდან რამდენი მაჟორიტარის გაყვანას შესძლებს?
-დღეს არსებული რეალობით, ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს მასშტაბით 22%–იანი მხარდაჭერა აქვს. ეს არის ის მაქსიმუმი, რაც ადმინისტრაციული რესურსიდან გამომდინარეობს.
თქვენი ამ განცხადებიდან გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში დაახლოებით 30–33 ადგილს მოიპოვებს?
ეს არის ის მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მან მიაღწიოს ობიექტური არჩევნების შემთხვევაში.
თქვენი პოლიტიკური გაერთიანება –„კახა კუკავა –თავისუფალი საქართველო“ 5%–ან საარჩევნო ბარიერს გადალახავს?
-ჩვენ ოპტიმისტური და რეალობაზე დაყრდნობილი პროგნოზი გვაქვს, ჩვენს მიმართ საზოგადოების ინტერესი მზარდია. ჩვენი ათეული არც ერთი პარტიის ათეულს არ ჩამოუვარდება, რიგ შემთხვევაში აღემატება კიდეც. სიის პირველ ათეულებს შორის რეალური თოქ–შოუს გამართვა შესაძლებელი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს ვაჩვენებდით.
საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაგიჭირდებათ?
-ჩვენ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ნამდვილად არ უნდა გაგვიჭირდეს.
რამდენი მაჟორიტარის გაყვანის იმედი გაქვთ?
-ვიმედოვნებ, რომ მაჟორიტარულ ოლქების ნაწილში შეთანხმებას მივაღწევთ ძირითად ოპოზიციურ მოთამაშესთან -„ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ მათთან კოორდინაციის გარეშე არ გვსურს რაიმე პროგნოზი გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში საინტერესო კანდიდატები გვყავს წარმოდგენილი.
შეთანხმება ორმხრივი უნდა იყოს, ვიღაცამ ვიღაცის სასარგებლოდ უნდა მოხსნას კანდიდატურა. ან „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი გაერთიანების სასარგებლოდ ან პირიქით. ასეთი შეთანხმება მიღწეულია?
-ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით და მთაწმინდაზე არ დავაყენეთ კანდიდატურა, აგრეთვე 7 საარჩევნო ოლქში მოვხსენით კანდიდატურები.
პირადად თქვენ კენჭს დიდუბეში იყრით, მოხსნით თუ არა თქვენს კანდიდატურას „ქართული ოცნების“ კანდიდატის – ვახტანგ ხმალაძის სასარგებლოდ?
-მოსახლეობის მხრიდან დიდუბის ოლქში საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მაქვს, რასაც სოციალურ ქსელებში არსებული გამოკითხვაც მეტყველებს. საბოლოოდ, ეს საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ კონსულტაციები გვექნება.
იმედი გაქვთ, რომ „ქართული ოცნება“ თქვენს სასარგებლოდ მოხსნის დიდუბეში მაჟორიტარობის კანდიდატს?
-ჩვენ იმედი გვაქვს ობიექტური რეალობის და არა ამა თუ იმ კოალიციის პოლიტსაბჭოს სუბიექტური მიდგომის ან სიმპათიის საკუთარი კანდიდატის მიმართ. ობიექტურ რეალობას ამომრჩეველი გამოხატავს. 15–16 სექტემბრისთვის გამოკითხვები საბოლოო,დასრულებულ სახეს მიიღებს. სწორედ ამ დროისთვის იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. მე კანდიდატურის მოხსნას არ ვაპირებ! მე ერთგული ვრჩები იმ მიზნების, რომელსაც ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გამოვხატავ. „ქართული ოცნება“ მთავარი ოპოზიციური ძალაა და ბიძინა ივანიშვილი საყოველთაო-სახალხო ლიდერია, მაგრამ ქართული ოცნების ახდენის გზაზე „თავისუფალ საქართველოს“ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.