ანდერს ფოგ რასმუსენი კავკასიაში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს და საქართველოს ნატო-სთან მჭიდრო კავშირისთვის მადლობას უხდის. ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დედაქალაქში ვიდეო მიმართვა გააკეთა, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, რეგიონში იმიტომ მოგზაურობს, რომ სამხრეთ კავკასია ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, ნატო-ს რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა სურს.
რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში უსაფრთხოების სტაბილურობით, ეკონომიკური აღმავლობით და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებითაა დაინტერესებული.
„აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეაქვს, მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ხდება.
რასმუსენის შეფასებით, საქართველო თანამრომლობის თვალსაზრისით სამაგალითო ქვეყანაა.
ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში გუშინ სომხეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. ის ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ასევე, სიტყვით გამოვიდა ქართველი ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე - ამბასადორიალზე.