უჩვეულო ფორმით გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ წევრებმა და გარემოსდამცვლებმა, ფოთის ამორტიზებული ნაგავსაყრელის არსებობა. კოალიციის გარემოსდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა ჩხარტიშვილმა, ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ და მოძრაობა „არა“-ს ხელმძღვანელმა მდინარე რიონის სანაპიროს ის პერიმეტრი ნავებით დაათვალიერეს, რომელიც ნაგავსაყრელს ესაზღვრება და მდინარეს, შემდეგ კი ზღვას აბინძურებს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ფოთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, პრობლემების გადაჭრას კი ისინი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აპირებენ.
„ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაშია, რომ ის არის პირდაპირ ინფექციის წყარო მოსახლეობისთვის და საფრთხის შემცველი. მე არ ვიცი რას აკეთებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურები, რომლებსაც პირდაპირ ევალებათ საკითხზე გადამჭრელი ზომების მიღება“, - აცხადებს ბესელია.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული 63 ნაგავსაყრელიდან 61 ამორტიზებულია და კონსერვაციას ექვემდებარება.
„ფოთი არის ეკოკატასტროფისა და ეკოუბედურების ზონა, ეს უნიკალური ქალაქი, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია იმ შემთხვევაში, თუ იგივე რიონს, პალიასტომს და სხვა პოტენციალს მოვუვლით და განვავითარებთ, როგორც ტურისტულ ობიექტებს და არ გადავაქცევთ მოძრავ ნაგავსაყრელებად“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობდა ათას სისულელეს, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიული ზონის მშენებლობასთან დაკავშირებით, ამას აჯობებდა ფოთის ეკოლოგიური პრობლემებისათვის მიეხედათ, რადგან უცხოელი ინვესტორი მოდის იქ, სადაც სხვა გარემოებებთან ერთად, ეკოლოგიური პრობლემებიც მოგვარებულია,“-განაცხადა მოძრაობა „არას“ ხელმძღვანელმა, ლევან ჩიტაძემ.