ექსპერტი მამუკა არეშიძე ლოპოტას ხეობაში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შემოსულ რაზმთა მიერ გზის ვერ გაკვლევას და „მეზობელი ბიჭების“ დახმარებას უკავშირდება, არასერიოზულად აფასებს.
ლოპოტას ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ ვერსიებზე ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ დღეს For.ge -ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ისაუბრა.
მისი თქმით, მის ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ამ რაზმს ჰქონდა აბსოლუტურად სპეციფიკური რუკა, რომელიც იყო სამხედრო და ის მაღალი ხარისხით და ზუსტი აღჭურვილობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, არეშიძე აღნიშნავს, რომ ჯარის მომზადებიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ საქართველოს ელიტარული შეიარაღება ებრძოდა, რომელმაც 3 ადამიანი დაკარგა.
„ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ისე კარგად იყვნენ მომზადებულები, ჰყავდათ კვალიფიციური რაზმი, აღჭურვილები იყვნენ და ჰქონდათ ისეთი რუკებიც, რომ არავითარი გამცილებლები არ ჭირდებოდათ მათ. ანუ გამოდის, ვერსიები და რაღაც გავრცელებული ჭორები, რომ მესაზღვრეებს გაეპარათ, ან დაეხმარნენ ვიღაც მეზობელი ბიჭები და ა.შ. არასარწმუნოდ მეჩვენება“, - განაცხადა მან.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთი ვარაუდებით, „ვიღაცეები“ თავიანთი უსუსურობის დაფარვას და გამართლებას ცდილობენ. მისი თქმით, ასეთი აღჭურვა და შემდეგ შეიარაღების დაძვრის პროცესებს ვიღაც მაინც შეასწრებდა თვალს. ამიტომ არეშიძის აზრით, ეს რაზმი თავისი ფეხით არ მისულა ლაფანყურის ტყეში.
„ვერსია შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ისინი ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით გადაადგილდებოდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა. ამის დამადასტურებელი ფაქტები არაფერი გვაქვს“, - განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, ასეთი ფაქტი ისტორიაში პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო არაერთხელ მომხდარა და აღნიშნა, რომ ეს ბევრად უფრო მორალურ ხელისუფლებასაც ჩაუდენია - მაგალითად მე-2 მსოფლიო ომის დროს ინგლისის ხელისუფლებას.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაადგილდებოდა ეს რაზმი, არეშიძე აცხადებს, რომ ხეობაში ყველაფერი ძალიან კარგად კონტროლდება. ამიტომ ასეთ ვითარებაში მხოლოდ ორ ვერსიას დაუშვებს.
„აქ ორი ვარიანტი არსებობს: ან საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღიაროს რომ საქართველოში უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს, ან აღიაროს თავისი თანამონაწილეობა ამ საქმეში“, - განაცხადა ექსპერტმა.