"მომავალ არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს“, - ამის შესახებ მაკკეინმა აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისინი სამომავლოდ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს დაეყრდნობიან.
დღესვე ამერიკის სენატის დელეგაციამ, ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
„NDI-ს, IRI-ს და ეუთოს სადამკვირვებლო მისიები უკვე აქ არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეფასებას ჩვენს შეხედულებებზე დიდი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელიც არის საქართველოში", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
მისივე თქმით, სენატორთა დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოსალოდნელ არჩევნებთან დაკავშირებით მოესმინათ სხვადასხვა მხარის შეფასებები.
როგორც სენატორმა მაკკეინმა აღნიშნა, საქართველომ დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორუფცია და სიღარიბე იყო გამეფებული.
„დღეს კი ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და ვაფასებთ საქართველოს დიდ წვლილს, რომელიც მას შეაქვს ავღანეთში", - აღნიშნა ჯონ მაკკეინმა.
პრესკონფერენციის შემდეგ სენატორების დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემართა.