ბათუმში მცხოვრები ბინათმშენებლობით დაზარალებული 65 ოჯახი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს დახმარებას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით მათ დღეს აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს.შეკრებილმა დაზარალებულებმა ვარშალომიძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
მათი განმარტებით, 2006 წელს კომპანია "ცენტრ პოინტთან" ხელშეკრულება გააფორმეს, თანხას ეტაპობრივად იხდიდნენ და ბინების მშენებლობის დასრულებას ელოდებოდნენ. მათი თქმით, ბინებს უკვე სხვა მეპატრონეები ჰყავს:
„ცენტრ პოინტმა" დაიწყო მშენებლობა ბაგრატიონის და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში. შემდეგ, მშენებლობის მართვის უფლება "ცენტრ პოინტმა" "დექსუს დეველოპმენტს" გადასცა, ამ უკანასკნელმა კი - ბათუმის მერიას, რომელიც 121 ბინის მეწილე იყო. მერია ამთავრებს ბინების მშენებლობას და გავიგეთ, რომ ჩვენ არაფერი არ გვეკუთვნის - არც ბინას და არც თანხას არ გვაძლევენ. 65 ოჯახს გადახდილი გვაქვს 800 000 დოლარი. სიტყვიერად გვთავაზობენ კომერციულ ფართს, რომლის კვადრატული მეტრი ღირს 2000 დოლარი. ჩვენ არ გვინდა კომერციული ფართი, ჩვენი ბინები გვინდა. თანაც სიტყვიერ დაპირებას ვერ ვენდობით", - აღნიშნეს ბინების მეპატრონეებმა და აღნიშნეს, რომ აღნიშნული საკითხის გასაჩივრებას სასამართლოში აპირებენ.
მათივე თქმით, 6 წელია ელოდებიან ბინებს, და ამისათვის დახმარებისათვის მთავრობას თხოვენ.
„ვარშალომიძე არ გვპატრონობს ჩვენი მთავრობაა თუ თურქების, გამოვიდეს და დაგველაპარაკოს", - აღნიშნეს დაზარალებულებმა.