პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე სოფლებში, თაზაქანდაში და ბოტანიკაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
ორივე სოფლის ძირითად მოსახლეობას აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეები წარმოადგენენ. სოფელ თაზაქენდში მწვავედ დგას მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემა, რადგან ახლოს მდებარე მარგანეცის და ცემენტის ქარხნები ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე მუშაობენ (არ აქვთ ფილტრები და გამონაბოლქვითა და ნარჩენებით აბინძურებენ გარემოს), რაც მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
სოფელ თაზაქენდის მოსახლეობა უმუშევრობასაც უჩივის. ადგილობრივი მოსასხლეობის 80-90% უმუშევარია, ახალგაზრდობის უმეტესობა თურქეთშია გადახვეწილი სამუშაოდ. გარდაბნის რაიონის სხვა სოფლებისაგან გახნსხვავებით თაზაქენდში წყალმომარაგება უზრუნველყოფილია, მაგრამ ამის მიუხედავად სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას 1 ტონა წყალზე 0.35 ლარის გადახდა ძალიან უჭირს. სოფელ ბოტანიკის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს, ამ სოფლის ახალგაზრდობის უმეტესობაც რუსეთსა და თურქეთშია გადახვეწილი.
ბოტანიკაში აქტუალურია მიწების უსამართლოდ გადანაწილებაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი საკარმიდამო ნაკვეთების გარდა 0,5 ჰ. მიწასაც არ ფლობს, მაშინ როცა პრივილეგირებულ პირებს 10 და მეტი ჰექტარი აქვთ მფლობელობაში.
გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხევაში მოსახლეობას პრობლემების დეტალურად შესწავლას და მოგვარებას დაპირდა.