"ქართული ოცნების“ წევრებმა დიპლომატიურ კორპუსს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნეს

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წევრები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სოზარ სუბარმა, მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა დიპლომატებს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო გააცნეს და პრობლემებზე ესაუბრნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განუცხადა, ქვეყანაში არათანაბარი საარჩევნო გარემოა.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას შედეგები მოაქვს და ამიტომ ისინი სისტემატიურად ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

„ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ  ინფორმაცია ცხრა ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. საუბარია „ხრამ-ჰესის“ თანამშრომლებზე, რომლებიც,  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და სწორედ ამ ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივმართეთ  უწყებათაშორის კომისიას, სადაც გვიპასუხეს,  რომ გაარკვევენ, ეს კომპანია სახელმწიფო მფლობელობაშია თუ კერძო პირების“, - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, „ხრამ-ჰესი“ არის „რაო ეესის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანია და ამ კომპანიაში „ქართული ოცნების“ თანამშრომლებს დევნიან.

სუბარის თქმითვე, ისინი ითხოვენ კომპანიის დირექტორის დასჯას და ამ ადამიანების თანამდებობაზე დაბრუნებას.

სუბარმა აღნიშნა, რომ დიპლომატების დამსახურებაა ის, რომ დღეს „ქართული ოცნების“ შენობის წინ აღარ არის ნაგავი და კოალიციის შენობის კუთვნილ ფართში აღარ იმყოფებიან სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლები.

მისი თქმით,  ასევე დიპლომატების დამსახურებაა ის,  რომ 3-4 სექტემბერს აუქციონზე კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველთა ქონების გაყიდვა შეჩერდა.