"ნაციონალური მოძრაობა“: NDI-ის კვლევა არსებული კურსისადმი საზოგადოების ფართო მხარდაჭერას ადასტურებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  NDI-ს ბოლო კვლევებს გამოეხმაურა.  როგორც  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, კვლევა არსებული კურსისადმი საზოგადოების ფართო მხარდაჭერას ადასტურებს.

 

ბოკუჩავას განცხადებით,  მხარდაჭერა არის დამატებითი პასუხისმგებლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“,  რომ საქართველოს მეტმა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი ქვეყნის განვითარებიდან, მეტი მოქალაქე იყოს დასაქმებული, მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვაზე და სოფელი იყოს კიდევ უფრო ძლიერი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია,, რომ 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე,  ხელს უწყობს ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.

NDI-ს ბოლო კვლევა მნიშვნელოვან სურათს გვაწვდის საზოგადოების განწყობაზე: საქართველოს მოსახლეობის 54 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, მოსახლეობის 78 პროცენტი თვლის, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია ივნისის შემდეგ. მოსახლეობის 63 პროცენტი მხარს უჭერს ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებას. საზოგადოების ფართო მხარდაჭერა არსებული კურსისადმი არის დამატებითი პასუხისმგებლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“,  რომ საქართველოს მეტმა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი ჩვენი ქვეყნის განვითარებიდან“, - განაცხადა  ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, NDI-ს ბოლო კვლევით გამოჩნდა, რომ მოსახლეობა ცალსახად არ უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელია კოალიცია „ქართული ოცნების“ მუდმივი მცდელობა, მოახდინოს კვლევის შედეგების დისკრედიტაცია, რომელიც გამოიხატება ისეთ ქმედებებში, როგორიც იყო ბიძინა ივანიშვილის სრულიად უპრეცედენტო მიმართვა ამერიკის ელჩისადმი, სადაც მან მოითხოვა NDI-სა და IRI-ს კვლევების შეჩერება. ეს ქმედება მართლაც უპრეცედენტოა, რადგან რთული წარმოსადგენია სადმე არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც არ სურს თავისი ხალხის განწყობის გაგება, არ სურს გაგება, თუ რა უჭირს თავის ხალხს და რას ელოდება პოლიტიკოსებისგან. ასეთი ოპოზიცია შეიძლება იყოს მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არა მხოლოდ არ აინტერესებს, რომ ქვეყანაში არსებობდეს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო, არამედ ასევე არ აინტერესებს თავისი ხალხის აზრი“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.