არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰექტორ ტიმერმანის განცხადებით, კავკასიის რეგიონი შორსაა არგენტინიდან, თუმცა ძალიან ახლოსაა გულთან. ამის შესახებ განცხადება არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, არგენტინა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 1990 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
„გლობალურ სამყაროში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საუკეთესო შესაძლებლობა, რომელსაც გლობალიზაციის პროცესი გვაძლევს და ერებს შორის პირდაპირ დიალოგი შუამავლების გარეშე უნდა წარიმართოს. საქართველოსთან დიალოგი მოიცავს ურთიერთთანამშრომლობას“, - განაცხადა ჰექტორ ტიმერმანმა.
მისივე თქმით, არგენტინას და საქართველოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში თავისი ხმა აქვს და ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს.
რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობას, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და არგენტინას შორის თანამშრომლობა უნდა შედგეს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების სფეროში და უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობების განმტკიცება.
„ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი სასოფლო-სამეურნეო მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში და შეგვიძლია საქართველოს დახმარება გაუწიოთ. ვფიქრობთ, ბიზნესის კუთხით თანამშრომლობა ქმედებების დონეზე უნდა გადავიტანოთ“, - განაცხადა ჰექტორ ტიმერმანმა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი, საქართველო და არგენტინა ახლა იწყებენ ორმხრივ ურთიერთობებს.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, არგენტინა სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს თანამშრომლობა, ასევე უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა განათლების სფეროში.
„საინტერესო გეგმები გვაქვს და ეს გეგმები სამართლებრივი ბაზის შექმნით დაიწყება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს. საღამოს კი დაგეგმილია სადილი მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებთან.