საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ქართული ღვინის რეპუტაციის შელახვას ცდილობს. ამის შესახებ მან ყვარელში, შვედეთისა და არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ყურძნის კრეფისას აღნიშნა.
რთველში, რომელიც სტუმრებისთვის მოეწყო, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც მონაწილეობდა და პრეზიდენტმაც აღნიშნულის შესახებ სწორედ ჭიაბერაშვილს ესაუბრა.
„ერთი ჩვენი პოლიტიკური ძალა ფულს ხარჯავს მთელს მსოფლიოში, რომ უთხრას - ქართული ღვინის ხარისხი არის კატასტროფა და არ დალიოთ. თითქოს ჩვენი მეზობლები არ გვეყო და ახლა ქვეყნის შიგნით გაჩნდა ასეთი ხალხი. ეტყობა, ჩვენ და ეგენი სხვადასხვა ქვეყნებში დავიბადეთ. ჩვენი ხალხი, ჩვენი პოლიტიკოსები უცხოეთში ფულს ხარჯავენ, რომ ჩვენს ღვინოზე თქვან - არ ვარგა, არ დალიოთ. ეს წარმოუდგენელია. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ეგეთი რამეები თქვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, “ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს ეკონომიკური იმიჯის დისკრედიტაციაში გუშინ "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ქართული ღვინის ხარისხთან და ქართულ ეკონომიკასთან მიმართებაში რუსეთის პოზიციას იმეორებს.