2012 წლის 1 სექტემბრიდან ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთის რეგიონის სამედიცინო ცენტრებს ესტუმრა და მოქალაქეთათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესი შეამოწმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა კლინიკებში პაციენტები მოინახულა და იქ დასაქმებულ მედპერსონალს გაესაუბრა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დაზღვეულთათვის გამარტივებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა. მინისტრმა კახეთის სამედიცინო ცენტრებში სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მიიღო, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას ახალი სადაზღვევო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებების მიწოდების პროცესს.
ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობამ მთლიანობაში უკვე 2.4 მილიონს მიაღწია, რაც თავისთავად ზრდის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის მაჩვენებელს. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი სტაციონარი და ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.