აშშ–ის სენატის სამკაციან დელეგაციას, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელძღვანელობს დღეს თბილისში დაახლოებით 12:00 საათისთვის ელოდებიან.
სენატორები პრეზიდენტ სააკაშვილსა საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდებიან. მხარეები აშშ-საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ. გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების კერძოდ, „ქართული ოცნებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში სენატორები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებსაც შეხვდებიან, სადაც აშშ–საქართველოს ურთიერთობები განიხილება. დელეგაციაში არიან სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი (დამოუკიდებელი, კონეკტიკუტის შტატი) და სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“, სამხრეთი კაროლინა).
სენატორი მაკეინი 1986 წლიდან აშშ–ის სენატისა და შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრია. აღნიშნული კომიტეტი აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტსა და აშშ–ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს.
სენატორი ლიბერმანი სენატის შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის უფროსი წევრია, სენატორი გრემი კი - სენატის ასიგნებათა ქვეკომიტეტის. ასიგნებათა ქვეკომიტეტი აშშ–ის საგარეო დახმარებას კურირებს. სენატორი გრემი არის სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა, აგრეთვე სასამართლოს საქმეთა და ბიუჯეტის კომიტეტების წევრიც.
ვიზიტის ფარგლებში სენატორები დღეს პრესკონფერენციასაც გამართავენ.