პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აუცილებელია საქართველომ ყველაზე დიდ მეზობელთან, რუსეთთან დაალაგოს ურთიერთობა, თუმცა არა ევროპისა და ნატოს ხარჯზე.
ივანიშვილის თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას ამჟამინდელი ხელისუფლება მუდმივად საერთაშორისო თანამეგობრობას „უკიჟინებს“ და აღნიშნავს, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მათზე დაყრდნობით ვერ მოხერხდება.
როგორც კოალიციის ლიდერი განმარტავს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაზე, უარს არც კოალიცია ამბობს, პირიქით, ამ პრობლემის გადასაჭრელად ისინიც მათ მხარდაჭერას ელოდება, თუმცა აღნიშნავს, რომ აუცილებელია თვითონაც სწორი სვლები გააკეთონ და მართებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
„რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისა თუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საერთაშორისო თანამეგობრობისგან მაქსიმალურად მივიღებთ დახმარებას, მაგრამ მხოლოდ მათზე დაყრდნობით ეს არ მოხერხდება. ჩვენც სწორი სვლები უნდა გავაკეთოთ. ცარიელი შემოძახილებით და რიტორიკით ეს პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაზე, პირიქით გავაღრმავებთ ამ ურთიერთობებს და რეალურად დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაყრდნობილ სახელმწიფოს ავაშენებთ. მაშინ გავხდებით მეტად საინტერესო ჩვენი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის თქმით, გასაღები ტერიტორიების დაბრუნებისა და პრობლემების მოგვარების ქვეყნის შეიგნითაა და აღნიშნავს, რომ ეს დემოკრატიული ინსტიტუტებზე დაფუძნებული ქვეყანა იქნება და არა ფასადური როგორსაც ხელისუფლება აშენებს.