საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პრეზენტაციაზე პროგრამა კოალიციის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა.
ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: დემოკრატია და სამართალი, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესუსრების რაციონალური გამოყენება, კონფლიქტების მოგვარება, თავდაცვის სისტემა და შეიარაღებული ძალები, განათლება და მეცნიერება და კულტურა და სპორტი.
როგორც დღეს გამართულ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა განსაზღვრავს იმ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელთა განხორციელების შედეგად, ქვეყანაში ფართომაშტაბიანი რეფორმები დაიწყება.
ივანიშვილის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვლება საკანონმდებლო ბაზა, ასევე განისაზღვრება ქვეყნის უახლოესი საშუალო და გრძელვადიანი განვითრების პოლიტიკა.
ივანიშვილის თქმითვე, კოალიციამ საარჩევნო პროგრამაზე 10 თვის განმავლობაში სერიოზულად იმუშავა და აღნიშნა, რომ კოალიციაში შექმნილი თემატური ჯგუფების მუშაობითა და „საქართველოს განვითარების ინსტიტუტის“ დაფუძნებით, კოალიციამ ქვეყნის განვითარების სტრატეგია ჩამოაყალიბა.
„დიდ სხვაობას ვერ ნახავთ ჩვენს პროგრამასა და ხელისუფლებისა თუ ოპოზიციური პარტიების პროგრამებში, თუმცა, ჩვენ მთავარ აქცენტს მათ შესრულებაზე გავაკეთებთ. იმას, რასაც ვამბობთ, აუცილებლად შევასრულებთ. დიდ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილობრივ თვითმმართველობას ეკისრება. ადგილობრივ ხელისუფლებაზე მოთხოვნა, გაცილებით მარტივია. ჩვენ ასევე ხშირად ვსაუბრობთ და მუდმივად ვახმიანებთ ჩვენს პრიორიტეტებს. ესაა სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვა. ის, რომ უმუშევრობა ძირითადი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, ამაში აღმოსაჩენი არაფერი არ იყო. ამაზე საუბრობს ხელისუფლება და ოპოზიციაც. თუმცა ხელისუფლება ყველაზე დიდ ოპოზიციად გვევლინება. თითქოს ახლა აღმოაჩინეს, რომ საქართველოში უმუშევრობაა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება თავის არჩევანს საპარლამენტო არჩევნებში სანდოობის მიხედვით გააკეთებს. ივანიშვილის თქმით, არჩევნებზე დიდ როლს სანდოობა და პიროვნული ფაქტი თამაშობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ოცნებაა საზოგადოებამ არჩევანი პროგრამების საშუალებით გააკეთოს.
„ჩემი ოცნება გახლავთ, შემდეგი არჩევნები პროგრამების საშუალებით ჩატარდეს, რომ სპეკულაციებს ადგილი არ ჰქონდეს“, - განაცხადა მან.
ივანიშვილის თქმით, კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზები მათ პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი. თუნდაც უმუშევრობის პრობლემის მოგვარება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია პროგრამის მნიშნელოვანი ნაწილებია.
„საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ სტრატეგიას არ შევიცვლით, ის, რომ ადამიანი უკეთესობისკენ ისწრაფვის, ეს ჩემი და სააკაშვილის მოგონილი არ არის. უკეთესი ამ შემთხვევაში ევროატლანტიკური სივრცეა. ჩვენ ევროპისკენ გვაქვს გეზი. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი ნატო ყველაზე საინტერესოა და ამ სტრატეგიას არ შევიცვლით“, - განაცხადა ივანიშვილმა.